სასარგებლო რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად

სასარგებლო რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად

სახლში პასკის (კულიჩის) გამოცხობა მთელი რიტუალია. გარდა იმისა, რომ სახლში გამომცხვარი უფრო გემრიელია, ამ დროს დღესასწაულის შეგრძნებაც უფრო იმატებს.

ჩვენი გვერდის ერთ-ერთმა მკითხველმა, თამარ ჭელიძემ, პასკის ცხობის შესახებ საკუთარი რჩევები და გამოცდილება გაგვიზიარა, რომელსაც თქვენც გთავაზობთ:

1. პასკას რომ უფრო ინტენსიური ყვითელი ფერი ჰქონდეს, ამისათვის ცოტაოდენ ზაფრანას წინა დღით დავასხამთ მდუღარეს და ამ ნაყენს დავუმატებთ ცომში.

2. ასევე, უფრო მეტი ყვითელი შეფერილობისთვის, კვერცხის გულებს აუცილებლად უნდა დაემატოს 1 ჩაის კოვზი მარილი.

3. ქიშმიში რომ ცომს კარგად მიეწებოს და არ "ჩაიძიროს" პასკაში, აუცილებლად უნდა "ამოვსვაროთ" ფქვილში.

4. სანელებლებს რომ უკეთ გამოუვიდეს არომატი, წინასწარ, სანამ სხვა რამეს მოამზადებთ, ცხელი რძე დაასხით ჭიქაში, გააჩერეთ და შემდეგ დაუმატეთ ცომს.

5. არ გამოიყენოთ ბევრი საფუარი! 6-7-კვერცხიან პასკაზე 50-60 გრ სველი კარგი საფუარი სავსებით საკმარისია. შედარებით ნელა ამოვა, სამაგიეროდ, პასკა არ გამოშრება.

6. საფუარის შესამოწმებლად, სანამ ოპარას მომზადებას დაიწყებთ, ჯერ ის მხოლოდ თბილ რძეში გახსენით. დაელოდეთ 10-15 წთ. თუ კარგად ამოვა, ე.ი. კარგია.

7. პასკის ცომს აუცილებლად უნდა ძალიან დიდი ხანი ზელვა. უნდა ზილოთ მანამ, სანამ ცომი თითებს თავისით არ მოსცილდება! ამან შეიძლება 1 საათამდეც კი წაიღოს, გააჩნია, რამდენკვერცხიანი ცომი გაქვთ.

8. პასკას რომ ლამაზი მრგვალი თავი ჰქონდეს, ფორმაში ჩასადებად მოწყვეტილი ცომი ხელში ისე უნდა დავამუშავოთ, რომ ნაოჭებიანი მხარე ფორმის ქვედა მხარეს მოექცეს და მრგვალი მხარე - ზედაპირზე.

9. იტალიურ პანეტონეს ლამაზ მრგვალ თავზე პატარა ჯვარს უკეთებენ ბასრი დანით, რის გამოც ის შუაში ლამაზად და სიმეტრიულად იშლება.

10. თითოეულ ფორმაში იმდენი ცომი უნდა ჩადოთ, რომ არ შეივსოს ფორმის 1/3-ზე მეტი.

11. ფორმებში ჩასაფენად და გვერდებისთვის მოამზადეთ გამოსაცხობი ქაღალდი. ამასთან, ქაღალდი სიმაღლეში დაახლოებით 2-3 სმ-ით უნდა სცდებოდეს ფორმის სიმაღლეს. ამ შემთხვევაში პასკა "ქუდს" აღარ გაიკეთებს, ადვილად გადმოვა ფორმიდან და უფრო ლამაზიც იქნება. ახლა ქაღალდის ფორმებიც იყიდება. შეგიძლიათ ის გამოიყენოთ, თუმცა კი ქვაბში ან კონსერვის ქილაში მგონია, რომ უკეთ ცხვება.

12. ღუმელი უნდა იყოს წინასწარ გახურებული 175-180 გრადუსზე. ცხვება ამავე ტემპერატურაზე.

13. უმჯობესია ფორმები დავალაგოთ ცხაურზე და არა გამოსაცხობ ფურცელზე. ასე უფრო მეტი ეტევა.

14. ღუმელში ფორმები არავითარ შემთვევაში არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს. მათ შორის აუცილებლად ჰაერი უნდა ტრიალებდეს, რომ გვერდები კარგად გამოცხვეს და თეთრი არ დარჩეს.

15. პასკები რომ კარგად ამოფუვდეს, აუცილებლად უნდა შეუდგათ ქვემოდან წყლიანი თუჯის ტაფა. წყალი რომ აორთქლებას დაიწყებს, პასკები კიდვ უფორ მეტად ამოფუვდებიან. ამასთან, პასკა არასდროს გამოშრება! როგორც კი წყალი დაშრება, ამ დროს პასკა უკვე შეწითლებას დაიწყებს. პრინციპში, ხის ჩხირით იმის გასინჯვა, გამოცხვა თუ არა პასკა, საჭირო აღარც არის! პირადად მე დიდი ზომის ძველი თუჯის ტაფა მაქვს, რომელსაც დაახლოებით 3 სმ-იანი გვერდები აქვს. ამ ტაფას 2/3-ზე ვავსებ წყლით. ეს მეთოდი არაჩვეულებრივად მუშაობს!!!

16. სხვადასხვა ზომის ფორმაში პასკის გამოცხობას სხვადასხვა დრო სჭირდება. ზემოთაღწერილ სიტუაციაში (თუ წყლიან ტაფას შეუდგამთ ქვემოდან), დაახლოებით შემდეგი დრო დაგჭირდებათ პასკის გამოსაცხობად:

კონსერვის ფორმებში (350-400 გრ) 1 სთ და 10 წთ

საშუალო ზომის ფორმებში (550-600 გრ) 1 სთ და 20 წთ

დიდ ფორმებში (1000 -1100 გრ) 1 სთ და 30 წთ

17. ჩვეულებრივ, სახლის პირობებში საცხობი ღუმელები ბევრს პასკას ვერ იტევს. წლების მანძილზე დიდ პორციას ვაცხობდი ერთბაშად. დაკვირვებამ მიჩვენა, რომ მეორე შედგმის პასკა უფრო მეტად ფუვდებოდა, მესამე შედგმაზე კი - კიდევ უფრო ლამაზები გამოდიდა. გასაკვირი არც არის, თუმცა... რაც უფრო ზომაზე მეტად ამოდიოდა, მით უფრო მშრალი გამოდიოდა პასკა და ადვილად იფშვნებოდა. ამიტომაც არ ღირს ერთ ჯერზე იმაზე დიდი პორციის მომზადება, ვიდრე ღუმელში ეტევა. ეს პორცია კი არის დაახლოებით 6-7 კვერცხით მომზადებული ცომი. ანუ თუ თქვენს რეცეპტში უფრო მეტი კვერცხია მოცემული, არ დაიზაროთ და რეცეპტი გაყავით პროპორციულად 6-7 კვერცხზე.